დღეს საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდულმა (20 წლამდე) ნაკრებმა ჟურნალისტთათვის ღია ვარჯიში გამართა. კალათბურთელები 16-26 ივლისს B დივიზიონში იასპარეზებენ. აღნიშნულ ტურნირზე დავით უსტიაშვილის გუნდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები - სლოვაკეთი, პორტუგალია, შვედეთი და ლუქსემბურგი იქნებიან. ტურნირში სულ 19 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 2 საუკეთესო მომავალ წელს A დივიზიონში გადავა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება 15 ივნისს დაიწყო. 2 დღის წინ მათ ლეგიონერებიც შეუერთდნენ. ამჟამად 14 კალათბურთელი ვარჯიშობს, რომელთაგანაც საბოლოოდ 12-ს შეარჩევენ.
Geosports.ge გუნდის წევრებს გაესაუბრა.
დავით უსტიაშვილი - ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
”თამაშებისთვის ვემზადებით, მაგრამ საკმაოდ ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა. ლეგიონერმა მოთამაშეებმა დროზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, გვყავს ტრავმირებული მოთამაშეებიც (თორნიკე და ლევან შენგელიები, გიორგი შარაბიძე, გიგა კვენეტაძე). ვფიქრობ, რომ 4-5 დღეში შემადგენლობა სრულად შეიკრიბება. მართალია, დრო აღარ გვაქვს, მაგრამ შევეცდებით ღირსეულად წარვსდგეთ. პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან გვაქვს, რაც განსაზღვრავს ჩვენ შემდგომ შანსებს”.
ლევან შენგელია (”როდ აილენდი”, NCAA, აშშ):
”მივემგზავრებით საბრძოლო განწყობით, ვის შევხვდებით ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა გუნდი თავისებურად ძლიერია. მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევეცდებით კარგი შედეგი ვაჩვენოთ”.
თორნიკე შენგელია ( ”პამესა”, ესპანეთი):
”სამწუხაროდ, ჯერ გუნდთან ერთად ვერ ვვარჯიშობ, ტრავმების გამო. სადღაც ერთ კვირაში შევუერთდები ბიჭებს. ვფიქრობ, მოგების შანსი გვაქვს, რადგან საკმაოდ კარგი გუნდი ვართ”.
ახალგაზრდულ ნაკრებში ახალწვეულიც ჰყავთ მალხაზ აბაიშვილი (”ენერჯი ინვესტი”), მისი განწყობაც გავარკვიეთ:
”პირველად ვთამაშობ ნაკრებში, ვეცდები, ჩემი საქმე მაქსიმალურად... კარგად გავაკეთო და გუდმაც A დივიზიონში გადასვლის შანსი გამოვიყენოთ”.
უკანახაზელები: ბექა წივწივაძე (”სსაუ”), ლევან ცეკვავა (”ენერჯი ინვესტი”), კოკა ტომარაძე (”საბადელი”, ესპანეთი), მალხაზ აბაიშვილი (”ენერჯი ინვესტი”), ზურაბ მაჭავარიანი (”ენერჯი ინვესტი”), დავით ნანიტაშვილი (”დინამო”)