მთავარი კონტაქტი
RSS სიახლე თხოვნები
ფორუმი    
Movies Games






ricardo kaka-კაკას ბიოგრაფია

კაკას “რეალში” ტრანსფერს “სამეფო კლუბის” ქომაგები საკმაოდ დიდი ხანი ელოდნენ. საბოლოო ჯამში, მათი მოლოდინი გუშინ, გვიან ღამით გამართლდა. რიკიმ, “მილანის” შემდეგ, საკუთარი სახელი სხვა გრანდის ისტორიაში უნდა ჩაწეროს. ჩვენ კი დღეს განვიხილოთ კარიერის ის ეტაპი, რომელიც ფეხბურთელმა გუშინდელ დღემდე, ანუ მის “რეალში” ტრანსფერამდე გაიარა.

კაკა უამრავ პლუსს შორის აშკარად გამოირჩევა მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა, ძლიერი დარტყმა და უზუსტესი პასები. თამაშის კაკასეული კონტროლი ევროპაში ალბათ სამაგალითოა. სწორედ ამიტომ, ყოველი სეზონის ბოლოს, რიკის გატანილი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა ძალიან მაღალია. კაკას საფეხბურთო კარიერა უბრალოდ მშვიდ ცხოვრებასა და რელიგიურ პრინციპებზეა დამყარებული.

რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტე, იგივე კაკა, 1982 წლის 22 აპრილს დაიბადა ბრაზილიის ამავე სახელწოდების დედაქალაქში. ზოგადად, სახელწოდება “კაკა” ბრაზილიაში ფართოდაა გავრცელებული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რიკარდო ჰქვიათ. ამას გარდა, ჩვენი სტატიის გმირს მისი უმცროსი ძმა, როდრიგოც მოიხსენიებდა ხოლმე ზემოხსენებული მეტსახელით. კაკა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან გახლდათ, ამიტომ არც სათანადო განათლების მიღება გასჭირვებია. 18 წლის ასაკში, მისი სიცოცხლე ეჭვქვეშ დადგა - საცურაო აუზში, მან ზუგის ძვალი მძიმედ დაიზიანა. საბედნიეროდ, ტრავმა არც ისე სერიოზული გამოდგა და ფეხბურთელმა აღდგენა მალევე მოახერხა.


ჯერ კიდევ ბავშვთა გუნდებში ასპარეზობისას, კაკა სხვა მის ტოლ თანაგუნდელებს ერთი თავით აღემატებოდა. ამიტომ ის ხშირად გადმოჰყავდათ უფროს ფეხბურთელთა ასაკობრივ გუნდებში. 2001 წელს, კაკამ თავისი სადებიუტო სეზონი ჩაატარა “სან-პაულოს” რიგებში. რიკიმ 27 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა. მომდევნო სეზონში, რიკარდომ 10-ჯერ გამოიჩინა თავი (22 მატჩში). 2002 წელს კი, ანუ მას შემდეგ, რაც კაკამ საკუთარ გუნდს პაულისტას ჩემპიონატი მოაგებინა, ფეხბურთელს ეროვნულ გუნდშიც უხმეს. იმავე წელს, კაკას სამსახურით ბევრი ევროპული გრანდი დაინტერესდა, თუმცა სხვებს “მილანმა” დაასწრო და ფეხბურთელიც იტალიაში გადაბარგდა.

პირველივე იტალიურ სეზონში კაკამ 30 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. სეზონის ბოლოს კი, მისმა გუნდმა სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ “მილანის” ღირსებას ისეთი გენიალური ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ: ნესტა, მალდინი, პირლო, ზეედორფი, ინძაგი და შევჩენკო, კაკამ მაინც მოახერხა გუნდის უდავო ლიდერად ჩამოყალიბება. 2005 წელს, სწორედ რიკის შესანიშნავი თამაშის წყალობით, “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც “ლივერპულთან”, პენალტების სერიაში დამარცხდა.


2007 წელი კაკას კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესოა. ბრაზილიელი გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა და “მილანს” ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. იმავე წელს, რიკიმ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო: ოქროს ბურთი, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ასევე FIFPro-ის ვერსიით.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდს. კაკა მსოფლიოს ჩემპიონია. 2005 წელს, რიკიმ კონფედერაციის თასიც მოიგო, რომ არაფერი ვთქვათ ფინალში, არგენტინის ნაკრების კარში გატანილ ულამაზეს გოლზე. 2006 წელს, კაკამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა “სელესაო” ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა. სწორედ იმ წლის შემდეგ, კაკა ეროვნული გუნდის უდავო ლიდერად ითვლება. ხშირ შემთხვევაში, რიკი ეროვნულ გუნდს მოედანზე კაპიტნის სამკლავურით უძღვება.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com




სულ კომენტარები :0
   











     
საიტს მართავს სისტემა uCoz | Designed By F1Sk !!